ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, საკრებულოს წევრებს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

სხდომის დაწყებამდე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას.

მერმა დეტალურად ისაუბრა მუნიციპალიტეტის ძირითად მიღწევებზე, განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვის პროგრამებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

2025 წელს მთლიანი ბიუჯეტის შესრულება 93,46 % -ია, გრანტები 86,75 %, მათ შორის კაპიტალური ტრანსფერით შესრულება 81,34 % -ს შეადგენს.

2025 წელს, დაიწყო მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება კულტურის ცენტრის სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება;

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა 406 210 ლარის ღირებულების გარე განათების მოწყობა და 264 587 ლარის მზა ბეტონის შეძენა;

რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 მინი სპორტულ მოედანს, ასევე 9 აპრილის ქუჩაზე მოეწყო ახალი სკვერი;

ძველი საცხოვრებელი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში 4 ახალი სახლი აშენდა და დღეის მდგომარეობით 22 ახალი საცხოვრისია აშენებული;

შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაციისა და მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში 35 ღონისძიება განხორციელდა;

წყლის სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში სულ 6 ღონისძიება განხორციელდა;

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა 16 მიზნობრივი პროგრამა განახორციელა, რომლითაც 4 600-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

ქედის მუნიციპალიტეტის მერის, 2025 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიში საკრებულომ დადებითად შეაფასა.